03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
„არა ანექსიას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ,“- ხატია ბუნიათაშვილი

ხატია ბუნიათაშვილი 15 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციას მიესალმება. მუსიკოსი ფიქრობს, რომ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, უახლოვდება თუ შორდება ევროპას.

ბუნიათაშვილის განცხადებით, აუცილებელია ერთობა და აქციაზე მისვლა.

„უნდა დავივიწყოთ პირადი წყენა, პარტიული კუთვნილება და ა.შ. ჩვენ უნდა აღვუდგეთ წინ რუსეთის ქმედებებს და დავგმოთ ჩვენი ქვეყნის ანექსია. ეს ყველა ქართველს გვეხება,“- განაცხადა თოქშოუ „არჩევანში“ ხატია ბუნიათაშვილმა.

მუსიკოსი ფიქრობს, რომ საქართველო დგას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ზღვარზე და შიშობს, რომ ქვეყანამ უკან სვლა არ დაიწყოს.

"ძალიან არ მინდა, რომ მომიწიოს იმის თქმა დღეს ხვალ ან ზეგ, რომ საქართველო შორდება ევროპას. დღეს ასე არ ვფიქრობ. მაგრამ ვისურვებდი, მეტი სიცხადე იყოს საგარეო პოლიტიკაში და შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები,“- აცხადებს მუსიკოსი.

ბუნიათაშვილმა საქართველოს მიერ უკრაინასთან მიმართებაში არსებული პოლიტიკა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა. მუსიკოსი ფიქრობს, რომ ხელისუფლება უფრო მეტად უნდა დაუდგეს მეგობარ სახელმწიფოს გვერდით.

მუსიკოსი ხატია ბუნიათაშვილი თოქშოუ „არჩევანში“ პარიზიდან საუბრობდა. ის მხარს უჭერს თბილისში 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციას.

თოქშოუ „არჩევანის“ მეორე ნაწილი სრულად 15 ნოემბრის აქციას დაეთმო. გიორგი გაბუნიასთან სტუდიაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები