03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
“ჟვანიას საქმის“ ექსპერტი გარდაცვლილი იპოვეს

ექსპერტი მამუკა ჩხაიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჩხაიძე  ერთ-ერთი იყო, ვინც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანაიას ცხედარს ექსპერტიზა  ჩაუტარა.

ექსპერტი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ "ლიბერალი" ავრცელებს, რომელსაც შსს-ში უთხრეს, რომ ამ ფაქტზე საქმე არ არის აღძრული. პროკურატურაში კი კომენტარი არ გააკეთეს. 

ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მამუკა ჩხაიძე პროკურატურაში დაკითხვებზე დადიოდა.  მეგობრების თქმით, ბოლოს დაკითხვაზე ჩხაიძე 7 ნოემბერს, პარასკევს იმყოფებოდა, რომლის შემდეგაც სახლში დაბრუნდა და მეზობლებთან ერთად ისადილა. მას შემდეგ კი მამუკა ჩხაიძე ცოცხალი აღარავის უნახავს.

ჩხაიძე მას შემდეგ მოიკითხეს, რაც ორშაბათს, 10 ნოემბერს  სამსახურში, სამედიცინო უნივერსიტეტში, ლექციის ჩასატარებლად არ მივიდა. თანამშრომლები ჩხაიძის ოჯახს დაუკავშირდნენ.

ჩხაიძე მარტო ცხოვრობდა და გარდაცვლილი მისმა ძმისშვილმა იპოვა. ექსპერტი გარდაცვლილი, იატაკზე იპოვეს.

ჩხაიძის ცხედარი შსს-ს დეტექტივმა დაათვალიერა, საეჭვო გარემოებები კი აღმოჩენილი არაა და არც გამოძიება არ დაწყებულა.  

ჩხაიძის ნათესავებს ექსპერტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ და დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას არ აპირებენ.

ჟვანიას საქმეზე მომუშავე ექსპერტებიდან ჩხაიძე პირველი არაა, ვინც მკვდარი იპოვნეს.

პრემიერის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე ყვარელში, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი ლევან სამხარაული მოკლეს.  ლევან სამხარაული იმ გამათბობლის ექსპერტიზას ესწრებოდა, რომლიდანაც, გამოძიების მიხედვით, გაზმა გაჟონა.

გარდა ამისა, სამხარაულის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, ოფიციალური ვერსიით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჟვანიას საქმეზე მომუშავე კიდევ ერთი ექსპერტი, ლევან ჩაჩუა ციხეში ზის. გამოძიება მას „სამსახურეობრივი გულგრილობის გამოვლენის“ და „საქმის არაჯეროვნად შესრულების“ გამო ედავება.

ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში ასევე მონაწილე პათანატომს ომარ ხარძეიშვილს კი, საუბარი არ სურს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები