03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
"ანექსიის საფრთხემ უნდა გაგვაერთიანოს და არა პირიქით,"- გიორგი მარგველაშვილი

„აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხის წინაშე უნდა ვიყოთ ყველა ერთიანი," - ასე დაიწყო გიორგი მარგველაშვილმა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე დეპუტატებთან საუბარი.

საკანონმდებლო ორგანოში საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ერთობისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ “ანექსიის საფრთხემ კი არ უნდა დაგვყოს, არამედ უნდა გაგვაერთიანოს.“

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი და რუსეთის ქმედებებზე ადექვატური პასუხის გაცემა საქართველოს მხრიდან დასავლეთთან უფრო დაახლოება იქნება.

„ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს დემოკრატიზაციის, უშიშროების და სტაბილურობის მისაღწევად. ასევე მჯერა, რომ ევროპული და დემოკრატიული ქვეყანა იქნება მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის,“  - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

პრეზიდენტი მოუწოდებს მთავრობას, გამოყენებულ იქნას ყველა საერთაშორისო ტრიბუნა და გამახვილებული იყოს ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მთავრობამ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებზე ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

„დღეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა ინტენსიურად განიხილებოდეს საერთაშორისო დღის წესრიგში. საერთო ძალისხმევითა და ფართო საერთაშორისო ჩართულობით უნდა შევძლოთ რუსეთის "პრივილეგირებული ინტერესების სფეროების" კონფრომტაციული პარადიგმის ცვლილება," - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები