03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
სააკაშვილი ბენდუქიძეს იხსენებს - ექსკლუზიური ინტერვიუ ყოფილ პრეზიდენტთან

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ  საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კახა ბენდუქიძის დაჭერას აპირებდა.

„როცა ის მიხვდა, რომ დააპატიმრებდნენ, ან, დასაწყისში, როგორც მინიმუმ, პასპორტს ჩამოართმევდნენ და ვეღარ იმოგზაურებდა, რადგან ბევრი საქმე ჰქონდა საზღვარგარეთ, ევროკავშირის პასპორტი უნდა აეღო.   მალტაში წავიდა,  რადგან იცოდა, რომ მასზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებდნენ,“ - ამბობს სააკაშვილი და დასძენს, რომ მალტაში საქმე გაუჭიანურდა და ამის გამო ინგლისში ჩავიდა.

„ვთავაზობდით, ამერიკაში  ჩამოსულიყო, მაგრამ საქართველოსთან ახლოს ყოფნა უნდოდა,“- ამბობს სააკაშვილი.

ის იხსენებს ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნისთვის გაწეულ მუშაობას და ამბობს, რომ ამაზე უარი უთხრა ივანიშვილმა და სწორედ ბენდუქიძის დახმარებით მოახერხა ამ უნივერსიტეტის აშენება.  

„ეს ოცნება ძირშივე ჩაგვიკლეს და მერე მის უნივერსიტეტს მიადგნენ,“ - ამბობს სააკაშვილი.  

„როგორც ივანე ჯავახიშვილს არ აპატიეს და თავისივე შექმნილი უნივერსიტეტიდან კიბეებზე დააგორეს ნაძირლებმა, როგორც ექვთიმე  თაყაიშვილს სიცოცხლის ბოლო წლები გაუმწარეს, ასე მოექცნენ კახასაც,“ - ამბობს სააკაშვილი.

მან მის ეკონომიკური რეფორმების მოდელზეც ისაუბრა, რაც, სააკაშვილის თქმით,  საერთაშორისო მეცნიერების მიერ არის აღიარებული.

სააკაშვილი ამბობს, რომ პატრიოტიზმის მაგალითი მისთვის  სწორედ ბენდუქიძეა, რადგან მან ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთა და ახლა სწორედ ამისთვის დევნიან.  

„ახლა მე გავაგრძელებ საქმიანობას კახას ნაცვლად, კახას სახელით  და ამ ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის. არც მათ შერჩებათ, ვინც კახას დევნიდნენ და სიცოცხლე გაუმწარეს, რადგან მართლა არსებობს ღმერთი და სამართლიანობა,“ - ამბობს სააკაშვილი.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები