03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ 20 წლის იუბილეს ჯორჯ სოროსი დაესწრო

15 ნოემბერს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ 20 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას „ღია საზოგადოების ფონდების“ დამფუძნებელი ჯორჯს სოროსი დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ასევე ფონდის პარტნიორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტის, მთავრობის და მედიის წარმომადგენლები.   

საქართველოს პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფონდს იუბილე მიულოცა. გიორგი მარგელაშვილმა პრაღაში სწავლის პერიოდი გაიხსენა (1993-1994 წლებში "ღია საზოგადოების ფონდების" სტიპენდიანტი იყო), სადაც პირველად შეხვდა ჯორჯ სოროსს.

საიუბილეოს საღამოს დაწყებამდე მარგველაშვილმა ჯორჯ სოროსს პრეზინდეტის რეზიდენციაშიც უმასპინძლა. შეხევდრისას აქცენტი სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობის აუცილებლობაზე გაკეთდა. 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ 20 წლის წინ, ძალიან ბევრი ის ღირებულება, ის კონცეფცია და ფუნდამენტური ხედვა, რაც დღეს ჩვენთვის ყოველდღიურობაა უცნობი იყო.

„ფონდმა ჩვენი გაგვიხსნა გზა თავისუფალი სამყაროსკენ. ამიტომ, მოდით, ნუ გავუბრაზდებით ჩვენ თანამოქალაქეებს, რომლებიც ცოტა არ იყოს შეშფოთებულნი არიან ხოლმე ხანდახან რა უნდა ფონდს, რა უნდა სოროსს, რა უნდა გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს. ზოგადად თავისუფლებით ჯერ კიდევ ბევრია შეშინებული ამ ქვეყანაში და მათი თავისუფლებისთვის ზიარება ჩვენი ამოცანაა. ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა 20 წლის განმავლობაში, მაგრამ მინიმუმ კიდევ 20 წელი გვჭირდება ჩვენ იმისათვის, რომ საქართველოში მართლაც ღია საზოგადოების არსებობა ვიზეიმოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა, რომელიც იუბილეზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთერთი დამფუძნებლის სტატუსით იყო მიწვეული. ორგანიზაციის განვითარებაში ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

„ღია საზოგადოების ფონდების“ დამფუძნებლმა ჯორჯ სოროსმა კი აღნიშნა, რომ დღეს საქართველო მართლაც დამოუკიდებელი და არაკორუმპირებული ქვეყანაა, რაც გამოარჩევს მას სხვა ქვეყნებისგან.

"მართლაც ძალიან ბევრი რამით შეგვიძლია ვიამაყოთ, როცა ვუყურებთ, თუ რა გაკეთდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. თუ რამდენად ბევრი მიღწევა გვაქვს. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ "ღია საზოგადოება საქართველო" რეალურად მართლაც ძალიან განვითარდა. თქვენ, აქ, საქართველოში ცხოვრობთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში აქ იყავით და შეიძლება ბოლომდე ვერ აცნობიერებდეთ, რეალურად რამდენ რამეს მიაღწიეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა ჯორჯ სოროსმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები