03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
უნიკალური აღმოჩენა ძუძუანას მღვიმეში

1966 წელს არქეოლოგმა დავით თუშაბრამიშვილმა ძუძუანას მიაგნო. მაშინ ექსპედიციის წევრები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მღვიმის მიწის ფენებში მსოფლიო მნიშვნელობის, უნიკალური არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდებოდა.

ძუძუანას აღმოჩენიდან 40 წლის შემდეგ, ექსპედიციამ თენგო მეშველიანის ხელმძღვანელობით, უცხოელ მკვლევარებთან ერთად კაცობრიობის ისტორიის ახალ ფურცლებს მიაკვლია.

თუ აქამდე ჩეხეთის აღმოჩენებით ითვლებოდა, რომ უძველესი ქსოვილი ადამიანმა 21 ათასი წლის წინ დაამზადა, ჭიათურის გათხრებით ამ თარიღმა 35 ათას წლამდე გადაიწია.

ჩეხეთში აღმოჩენილი ძაფი ჭინჭრისგან იყო დართული, ძუძუანაში კი სელის და გარეული ჯიხვის მატყლის ძაფის ნაწილაკები აღმოჩნდა.

პალინოლოგი ელისო ყვავაძე, სამეცნიერო კვლევაში მაშინვე ჩაერთო, როდესაც მიკროსკოპში მცენარეული ნაწილაკების კვლევისას ადამიანის ხელით დართული და შეღებილი ძაფი პირველმა შენიშნა.

მსოფლიოს სამეცნიერო პრესა ახალი აღმოჩენით მაშინვე დაინტერესდა. წამყვან გამოცემებში მეცნიერები ჰომოსაპიენსის, თანამედროვე ადამიანის გონებრივი შეასძლებლობების , უნარების და განვითარების ისტორიის ხელახალ შესწავლას იწყებენ. ელისო ყვავაძის მიერ მიკროსკუპული ძაფის ნაწილაკების პოვნა, ამერიკელი მეცნიერის ოლგა სოფერის სამეცნიერო კვლევას საფუძველს უმაგრებს.

საქართველოში აღმოჩენილი ნაქსოვი ტექსტილის კვალი ქალღმერთი ვენერას საკულტო მინიატურულ ქანდაკებებზე ნაქსოვი თავსაბურავის არსებობას ამყარებს. პალეოლითის ხანაში ადამინის მიერ ძაფის გამოყენება ძუძუანაში ქვის ხანის არქეოლოგიურ მასალაში , მძივების, მამონტის ძვლის ვიწროყუნწიანი ნემსის და სხვა ნიმუშების არსებობას ხსნის.

ძუძუანას მსგავსად ძვლის ვიწროყუნწიანი ნემსი და ვიწრო ხვრელიანი სამკაულები ჭიათურის ბონდის მღვიმეში ნიკა თუშაბრამიშვილმაც იპოვნა. მისი მამის მიერ აღმოჩენილ ძუძუანას მღვიმის პარალელურად ძაფის ნაწილაკები აქაც აღმოჩნდა. ბონდის მიწის ფენებში თანამედროვე ადამიანის ნაკვალევთან ერთად ნეანდერტალელის კვალიც არის, აქვე ხდება ერთერთი ყველაზე ძველი 30 - 25 000 წლის წინანდელი მიწისძვრის დათარიღება და ვულკანური მტვრის აღმოჩენაც .

საქართველოში აღმოჩენილი უძველესი შეღებილი ქსოვილის კვალი ამყარებს მოსაზრებას , რომ 35 000 წლის წინ ჰომოსაპიენსს ჰქონდა ლტოლვა და სურვილი ესთეტიურად და ლამაზად ჩაეცვა. ადამიანის განვითარების და გემოვნების ჩამოყალიბებასთან ძაფის დართვის კულტურა პირდაპირ კავშირშია. ქართველი მეცნიერები ახლა ,ტექსტილის საქართველოდან დანარჩენ ევროპაში გავრცელების ისტორიას სწავლობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები