14 სექტემბერი 2026,   07:23
ვრცლად
ვახტანგ ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო მინისტრისთვის აპარატის სახით დამატებითი სტრუქტურა არ შეიქნება, რადგან მას მომსახურებას მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების ინიციატივაზე მსჯელობს.

კომიტეტს პროექტი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარუდგინა. ვახტანგ ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ ცვლილება უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობას, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვას.

გარდა ამისა, ვახტანგ ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო მინისტრისთვის აპარატის სახით დამატებითი სტრუქტურა არ შეიქნება, რადგან მას მომსახურებას მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს.

"აპარატი არ ეყოლება - ეს ნათქვამი არის არასწორი, აპარატი, რასაკვირველია, ეყოლება, უბრალოდ ეს არ იქნება სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ეს არის მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც ემსახურება პრემიერ-მინისტრს. აღნიშნულ მომსახურებას სრულად გაუწევს ამ საკანონმდებლო ცვლილების ასეთი ფორმით დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრსაც მთავრობის ადმინისტრაცია. სხვა სახელმწიფო უწყების დახმარებას რაც ჰქვია, ამით კნინდება თუ არა ამ კონკრეტული სახელმწიფო მინისტრის, ანუ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რასაკვირველია, არა. ერთია, კონკრეტული კანონმდებლობით გაწერილი უფლებამოსილებები და მეორე, ამ უფლებამოსილებების უზრუნველყოფისთვის შექმნილი კონკრეტული აპარატი, ეს შემთხვევაც არ არის სიახლე," - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიციირებულია კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება. ამ პოსტს ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე დაიკავებს. პარლამენტში, ასევე, იწყება სუს-ის ახალი ხელმძღვანელის გეკა გელაძის დამტკიცების პროცედურაც. შინაგან საქმეთა მინისტრად კი სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

დღის ამბები