03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
"რ რადიომ" "რადიოსტუდია სპუტნიკთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა

შპს "რ რადიოს" ეთერში "რადიო-სტუდია სპუტნიკი საქართველოს" გადაცემები აღარ გავა. ამის მიზეზი "რ რადიოს" მიერ შპს "საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო ნიუსჯორჯიასთან" თანამშრომლობის შეწყვეტაა. "რ რადიოს" ცნობით, ეს ის კომპანიაა, რომელთან ზეპირი ხელშეკრულების თანახმადაც "რადიო-სტუდია სპუტნიკი საქართველოს" სახელით მათ ეთერში გადაცემები 2014 წლის 4 ნოემბრიდან მზადდებოდა.

"რ რადიოს" წარმომადგენლების შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში რუსული რადიო "სპუტნიკის" მაუწყებლობის შესახებ და პარალელურად "რადიო-სტუდია სპუტნიკი საქართველოს" ზოგიერთმა მწარმოებელმა გააკეთა საჯარო განცხადებები ქართულ და რუსულ მედიაში. შეგახსენებთ, "სპუტნიკის" წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რადიო რუსულ მედიაჯგუფს ეკუთვნოდა. 

"აღნიშნული განცხადებები არ იყო ჩვენთან შეთხნამებული და შესაბამისად ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი და შემაშფოთებელი გახდა", - წერია "რ რადიოს" ხელმძღვანელის ქეთევან კერესელიძის მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის გაგზავნილ წერილში. 

"რ რადიომ" პარტნიორი შპს "საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო ნიუსჯორჯიასგან" ვერ მიიღო ადეკვატური პასუხი განვითარებულ მოვლენებზე, რის გამოც გადაწყვიტა მათთან თანამშრომლობა შეეწყვიტა. 

როგორც ქეთევან კერესელიძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს "რადიო-სტუდია სპუტნიკი საქართველოს" სახელით გადაცემები მათ ეთერში ყოველდღიურად 4 საათის განმავლობაში გადიოდა. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, "რ რადიოს" მიერ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე გამოიკვეთა კომპანიის მიერ სამაუწყებლო ლიცენზიის პირობების დარღვევის საკითხი, რის განხილვასაც კომისია უახლოეს სხდომაზე გეგმავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები