მესამე ვადით ხელისუფლებაში - სომხეთის არჩევნებში უპირატესობა ნიკოლ ფაშინიანმა მოიპოვა. თავისი არჩევანი ქვეყანაში სულ 1 476 000-მა ადამიანმა დააფიქსირა, მათგან თითქმის ნახევარმა მხარი მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიას - "სამოქალაქო კონტრაქტს" დაუჭირა. სომხებისადმი ფაშინიანის გზავნილი ასეთია - ერევანი გააგრძელებს ბრიუსელთან დაახლოებას, თუმცა პარტნიორობას გააღრმავებს მოსკოვთან. ევროინტეგრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კი ხალხმა რეფერენდუმზე უნდა მიიღოს.
ნიკოლ ფაშინიანის გუნდთან ერთად პარლამენტში კიდევ ორი პარტია იქნება.
მილიარდერი სამველ კარაპეტიანის "ძლიერი სომხეთი" და ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის "სომხეთის ალიანსი". თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეიძლება ლიდერების გარეშე მოუწიოთ მუშაობა. კარაპეტიანს და ქოჩარიანს ფაშინიანი ციხით ემუქრება. დაპატიმრების მუქარა მოისმინა კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა ბიზნესმენმა - გაგიკ წარუკიანმა, რომელიც პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერია. უკვე მესამე ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ სამივე ლიდერს დააკავებს.
დაკავებები რომ მოსალოდნელია, ეს ბოლო პერიოდმა გვიჩვენა. მხოლოდ გასულ 3 დღეში სომხეთის პოლიციამ ოპოზიციასთან დაკავშირებული ასამდე პირი დააკავა. ბრალდება ამომრჩევლის მოსყიდვაა. პარალელურად, დაკავებულია პარტია "ძლიერი სომხეთის" დეპუტატობის 6 კანდიდატი. მათ იმუნიტეტი ცესკომ არჩევნების წინა ღამეს მოუხსნა. საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიტიკოსებს ხელბორკილები სახლში დაადეს.
დაკავებების, პოლარიზაციისა და აგრესიული ენის გამო შეშფოთება უკვე გამოთქვა ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. დღევანდელ განცხადებაში ეუთო ამბობს, რომ იყო გარე ჩარევა ამომრჩეველზე და ზეწოლა საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე.
უკვე დათვლილია ხმების 100%. ფაშინიანს გამარჯვებას ევროკავშირიდან და პარტნიორი მეზობელი ქვეყნებიდან ულოცავენ.