08 ივნისი 2026,   21:57
ვრცლად
ვმუშაობთ, რომ რიგ შემთხვევებში საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმები შემსუბუქდეს და დაბალანსდეს - ირაკლი კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მმართველი გუნდი შესაბამის უწყებებთან მუშაობს, რომ საგზაო მოძრაობის წესებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, ჯარიმები კი შემსუბუქდეს და დაბალანსდეს.

როგორც კირცხალიამ მედიასთან აღნიშნა, საუბარია კონკრეტულ გადაცდომებზე ჯარიმების შესაძლო შემცირებაზე.

"კონსულტაციები მიმდინარეობს ბატონ მამუკა მდინარაძესთან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებების განხორციელების შესახებ. კერძოდ, ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებს. ვმუშაობთ და ალბათ შემდეგი სასესიო კვირისთვის რაღაც ცვლილებები გვექნება. დაკვირვებიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, რიგ შემთხვევაში საგზაო წესებთან დაკავშირებით შემსუბუქდეს რიგი მიდგომები და რიგი ჯარიმები. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის გადაცდომაა და რამდენად პროპორციულია ამ გადაცდომასთან დღევანდელი მოქმედი ჯარიმები. დამერწმუნეთ, კონსენსუსს აუცილებლად მივაღწევთ და საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის საზოგადოებას გავაცნობთ ცვლილებებს. რაც მთავარია, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ასე რომ, ეს საკითხი დაბალანსდება," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

დღის ამბები