რასა იუკნევიჩიენეს გუშინდელ განცხადებას საქართველოსა და ევროკავშირის გაფართოების გეგმების შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ერთხელ ეხმიანებიან.
კანონმდებლების შეფასებით, ევროპარლამენტარის აღნიშნულმა გამოსვლამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, ომის წესებზე აყოლაზე უარის თქმის გამო ისჯება.
ერთ-ერთ ინტერვიუში იუკნევიჩიენემ აღიარა, რომ 2022 წლამდე, საომარი მოქმედებების დაწყებამდე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გაფართოებაზე არავინ საუბრობდა და შესაძლებლობის ფანჯარა მხოლოდ უკრაინის ომის გამო გაიხსნა.
"ქალბატონი რასა დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა და ფაქტობრივად, ჟარგონულ ენაზე რომ ვთქვათ, გაყიდა თამაში ევრობიუროკრატებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ გაამჟღავნა, რომ თურმე ამდენი წლის განმავლობაში საქართველოს ატყუებდა ბრიუსელი იმასთან დაკავშირებით, თითქოს დღის წესრიგში იდგა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში.
ჩვენ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას იქიდან გამომდინარე, რომ ვიმედოვნებთ, შეიცვლება ეს მმართველი კლასი და ეს უსამართლო, აბსოლუტურად უსტანდარტო მიდგომები", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.