ევროპარლამენტის მერვე რეზოლუცია, რომელიც წინა ტექსტების ანალოგია. საქართველოს შესახებ ანგარიში იმეორებს ტრადიციულ მოთხოვნებს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების მიმართ.
ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს, შექმნას მექანიზმი, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს.
მმართველი გუნდის შეფასებით, ეს მიდგომა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ევრობიუროკრატია უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და მხოლოდ ვიწრო, მათთვის სასურველ ჯგუფებს ლობირებს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კონკრეტული პირებისთვის პრივილეგიის მინიჭება, ქვეყნის დანარჩენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების პირდაპირი მოთხოვნაა.
"უკვე მერამდენეა, თვლაც აგვერია ალბათ სულ ყველას, ასეთი ტიპის რეზოლუციებს იღებენ ამ ცნობილი ევროდეპუტატების ინიციატივით, მხოლოდ ერთი რამის გამო, მუდმივად იყოს შენარჩუნებული ანტიქართული ფონი ევროპულ პოლიტიკურ სიტუაციაში.
ყალბ ნარატივებზე აფუძნებენ აბსოლუტურად ყველაფერს, მერე ყალბი დასკვნები გამოაქვთ და მერე ყალბი მოწოდებებია. მაგრამ, ახლა უფრო შორს წავიდნენ, საზოგადოების სეგრეგაციაზე დაიწყეს საუბარი, რომ თურმე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ვიღაცებს უნდა ჰქონდეთ ეს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი და სხვებს არა, თქვენ და საქართველოს დანარჩენ ნაწილს შეიძლება არ ჰქონდეს. აქამდეც კი მივიდნენ უკვე, საზოგადოებას ყოფენ. მედიის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ ეს უკვე ახალი არ არის.
ყველა ის ადამიანი, რომელიც მათ დირექტივებს პირდაპირ არ ემორჩილება, ან მათი ნარატივები უკრიტიკოდ არ გამოაქვს მაყურებლის წინაშე, ყველა არის მათ მტერი", - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.