შიდაპარტიული კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" - მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება და ძალაუფლების გადანაწილების პროცესი პარტიის წევრებს შორის ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. პარტიის ინსტიტუციურ კრიზისზე საუბრობს ლევან ბეჟაშვილი და რადიკალურ გადატვირთვას ითხოვს. ამბობს, რომ თავმჯდომარის არჩევნების გარეშე, პირდაპირ დანიშვნა თავის დროზე შეცდომა იყო. ამ ფორმით კი, პოსტი თინა ბოკუჩავამ დაიკავა.
ამავდროულად, ნანუკა ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ მოქმედ თავმჯდომარესთან პოლიტიკური ალიანსი ვერ შედგა, მისი შეფასებით, ტრადიციული პოლიტიკის დრო ამოიწურა და ორგანიზაციას ახლა ანტიკრიზისული მენეჯერი სჭირდება.
კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადმოტანილი დაპირისპირების პარალელურად, მოქმედმა თავმჯდომარემ საკუთარი ჩანაცვლების გეგმის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო. თინა ბოკუჩავა ციხიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს "იმპულსურსა და არათანმიმდევრულს" უწოდებს და ამბობს, რომ პარტია კრიზისამდე სწორედ ამან მიიყვანა.
აღნიშნულ საკითხებზე "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაში" შეფასებები კეთდება. ლაშა ფარულავას თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანის მათ რიგებში შეერთებას მიესალმება.
"მე როდესაც ვსაუბრობ ჩემი თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებაზე, ამას რომ არ ვეთანხმები, გუშინაც დავაფიქსირე ეს პოზიცია. არავის გადაყენება არ მიდის. როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ პარტიაში უნდა მოხდეს სტრუქტურული გარდაქმნა და ამ გარდაქმნას სჭირდება კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც აქვთ, მათ შორის, ისეთი გამოცდილება, რომ პარტია იყოს უფრო გამჭვირვალე, ამ საქმეში ყველაზე ეფექტიანი არის ნანუკა ჟორჟოლიანი და ჩვენ მივესალმებით მის შემოერთებას, მის გამოკვეთილ როლს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ანტი-მიშა კამპანია არის ის ლუზერობის ფორმულა, რომელმაც 14 წლის განმავლობაში მძიმე ვითარებაში ჩააგდო ოპოზიციური სპექტრი. ამიტომ, არავის არ ვურჩევ ანტი-მიშა კამპანიას შეუერთდეს", - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.