26 ივნისი 2026,   14:21
ვრცლად
ვენსს და რუბიოს ირანსა და ისრაელთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ - Reuters

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ირანთან ომში ერთიანობის დემონსტრირებისთვის, თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში, მისი ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებები განსხვავებული იყო, განსაკუთრებით ისრაელის საკითხთან დაკავშირებით, - წერს Reuters-ი.

გასულ კვირას, თეთრ სახლში გამოსვლისას, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა მკვეთრად გააკრიტიკა აშშ-სა და ირანს შორის წინასწარი შეთანხმების ისრაელელი მოწინააღმდეგეები. მან აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ ბეირუთში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელზე თავდამსხმელი „ჰეზბოლას“ დასუსტებას, ძირს უთხრის აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევას.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც ამ კვირაში სპარსეთის ყურეში იმყოფებოდა, დაიცვა ისრაელის სამხედრო კამპანია ლიბანში და სახელმწიფოს ქმედებებს არაერთხელ უწოდა გამართლებული პასუხი "ჰეზბოლას" თავდასხმებზე.

მედიის ცნობით, ვენსის კრიტიკის საპასუხოდ, რუბიომ კითხვას თავი აარიდა.

როგორც Reuters-ი წერს, ეს კონტრასტი ხაზს უსვამს იმას, რომ ადმინისტრაციის ერთიანობაზე აქცენტის მიუხედავად, ზოგჯერ განსხვავებული მსოფლმხედველობები იჩენს თავს - ეს გამოწვევაა თეთრი სახლისთვის, რომლის პოლიტიკური კოალიციაც ღრმად არის გაყოფილი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

"ის ასევე გვაძლევს წარმოდგენას რესპუბლიკური პარტიის მომავალზე, რადგან რუბიო და ვენსი 2028 წლის არჩევნებში პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატებად ითვლებიან", - იუწყება მედია.

დღის ამბები