03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
უნდა მოვიხადოთ თუ არა ქუდი ჰიმნის შესრულებისას? - საკითხზე პარლამენტი მსჯელობს

საქართველოს პარლამენტში 18 ნოემბერს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს ქუდის მოხდის საკითხი განიხილება. საკითხზე დღეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტებში იმსჯელეს.

კვლავ იქნება თუ არა ქუდის მოხდა სავალდებულო სახელმწიფო ჰიმნის მოსმენისას, ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში გასულ კვირას შევიდა. თუ ადრე სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულო იყო ფეხზე ადგომა, ასევე მამაკაცებისთვის ქუდის მოხდა (გარდა სამხედრო პირებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც ქუდის მოხდა კონფესიური დოგმის გამო არ შეიძლება), დადგენილების პროექტის თანახმად, აღნიშნული ასე ჩამოყალიბდა: საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულოა ფეხზე ადგომა.

საკითხის განხილვას კომიტეტის სხდომაზე აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა მოჰყვა.

„ისედაც, როდესაც ვისმენთ სახელმწიფო ჰიმნს, ფეხზე ვდგებით. თუ ქუდი გვახურავს, ქუდსაც ვიხდით. ეს ყველაფერი, ეს განცდა არ მოდის იქიდან, რომ ეს წერია პრეზიდენტის ბრძანებულებაში, ან პარლამენტის დადგენილებაში რამე ვალდებულება არის,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" წევრმა გიორგი კახიანმა.

„როდესაც შედიხარ ეკლესიაში, ქუდს ხომ იხდი? როდესაც მიცვალებულს ჩაუვლიან, ქუდს ხომ იხდიან? მაგიდის თავში მჯდომი - თუ გინახავთ საქართველოში კაცი, პანაშვიდზე შევიდეს და ქუდი არ მოიხადოს,“ - ასეთი არგუმენტები მოიყვანა უმრავლესობის წევრმა თამაზ ჯაფარიძემ საკითხის განხილვისას. მისი თქმით, პატივისცემა უნდა იმ წესებს და ტრადიციებს, რაც „ჩვენ მოგვდგამს“. 

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი პრეზიდენტის ბრძანებულებით რეგულირდებოდა, ახლა კი ეს საკითხი პარლამენტის დადგენილებით უნდა მოწესრიგდეს.

დღის ამბები