გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას დაევალა ეთერში გასული მასალის უარყოფა, რომელშიც გამოხატული იყო ხაინდრავას მიმართ პატივისა და ღირსების შემლახავი ცილისწამება. "ფორმულას" ასევე დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.
საქმე ეხება რამდენიმე სიუჟეტს, რომლებიც, გოგა ხაინდრავას განცხადებით, მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას და ცილისწამებას შეიცავდა.
ხაინდრავას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ მის საქმეზე გავრცელებული ბრალდებების უსაფუძვლობა დაადასტურა. მისივე თქმით, საქმე სისხლის სამართლის მიმართულებით სწორედ იმის გამო განვითარდა, რომ ბრალდებები სახელმწიფო უწყებებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც იყო წაყენებული, ხოლო ცილისწამებაში მონაწილე პირებმა შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.
"სიცრუე, ბოროტი ცილისწამება, რომელიც გავრცელებული იყო, მთლიანად იყო უარყოფილი. ბუნებრივია, რომ ეს საქმე გაცდა სამოქალაქო პროცესს, იმიტომ, რომ იქ, სადაც დამნაშავეებად არის გამოყვანილი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სუსის უფროსი, სუსის თანამშრომლები და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, იქ ლაპარაკი სამოქალაქო პროცესზე არ შეიძლება. ამან განაპირობა, რომ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ვფიქრობ, რომ ეს განაჩენი კიდევ ერთხელ განამტკიცებს იმის სისწორეს, რომ ყველა ეს დამნაშავე უნდა დაისაჯოს. მე მინდა გითხრათ, რომ ამაზე დიდი დანაშაული, ეს არის ხშირ შემთხვევაში მკვლელობის ტოლფასი, როდესაც შენ ადამიანს ასე ცილს სწამებ", - აცხადებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა.
ტელეკომპანია "ფორმულას" იურისტის განცხადებით კი, დაცვის მხარე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.