ღია ცის ქვეშ დარჩენილებიდან ძლიერ ყინვას და გაუსაძლის პირობებს, ბოლო დღეების განმავლობაში, ორმა ადამიანმა ვერ გაუძლო. მოსკოვის პროსპექტზე, სადაც ცოტა ხნის წინ ე.წ. კარვების ქალაქი იყო, ამ დრომდე 6 ადამიანი რჩება, თუმცა კარვები აქ უკვე აღარ არის. უსახლკაროების ნაწილი მერიის დაფინანსებით აშენებულ ახალ თავშესაფარში ვერ მოხვდა, ნაწილი კი შინაგანაწესის დარღვევის გამო უკან გამოუშვეს.
მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან ბენეფიციართა სიაში მხოლოდ ერთი იყო, რომელმაც თავშესაფარში გადასვალზე უარი თქვა და ადგილზე საკუთარი სურვილით დარჩა.
მოსკოვის პროსპექტზე კიდევ ერთი მიუსაფარი ცხოვრობს. უკრაინის მოქალაქე ბადრი გაბრიჩიძე უკვე დიდი ხანია ღამეს საკუთარ მანქანაში ათევს. მისთვის ახალ თავშესაფარში გადასვლა არ შეუთავაზებიათ, ამიტომ ავტომობილში აქვს ის ნივთები, რომლებსაც განსაკუთრებით ძლიერი ყინვის დროს იყენებს.
მიუსაფართა სახლთან კურიერმა კიდევ ერთი მიუსაფარი ონისე ნიჟარაძე ჩაწერა, რომელიც შიდა განაწესის დარღვევის გამო თავშესაფრიდან გამოაგდეს და დღეს ღამეს ქუჩაში ათენებს.
კურიერი მიუსაფართა ახალი თავშესაფრითაც დაინტერესდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა. თავშესაფარში, რომელიც 240 ბენეფიციარზეა გათვლილი ამ დროისათვის 150 ბენეფიციარი ცხოვრობს, აქ მოსახვედრად კი თითოეული კონკრეტულ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს.
ავტორი: ეკო მაღრაძე.