28 ივლისი 2026,   17:02
ვრცლად
ჩვენი ნოუჰაუ არ არის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროპის ყველა ქვეყანა ებრძვის უკვე ამას და უფრო რადიკალური ფორმებით, ვიდრე ჩვენთან არის - თენგიზ შარმანაშვილი

მმართველი გუნდი სიძულვილის ენის წინააღმდეგ შექმნილი სამმართველოს შესახებ ამერიკის საელჩოს შეშფოთებას პასუხობს. საელჩოს კითხვით "რადიო თავისუფლებამ" მიმართა.

პასუხად, დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, რომ ეწინააღმდეგებიან შემზღუდავ კანონებს და შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საელჩოს კითხვებს პასუხს საგარეო უწება გასცემს.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კანონმდებლობა კრძალავს ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას და მსგავსი კანონი, საქართველოს გარდა, ევროპის უმეტეს ქვეყნებში მოქმედებს.

"ჩვენი ნოუჰაუ არ არის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის ყველა ქვეყანა ებრძვის უკვე ამას და უფრო რადიკალური ფორმებით, ვიდრე ჩვენთან არის.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კარგად უნდა შეისწავლოს სასამართლოების გადაწყვეტილება და ის აღმოაჩენს, რომ იქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან კი არა, სიძულვილის ენის გამოყენებასთან ჰქონდა საქმე.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაში ვერ გაერკვა, არასაკმარისი ინფორმაცია ჰქონდა, ამ მიმართულებით და ამის გამო გააკეთა ეს განცხადება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო განუმარტავს ამ სასამართლო გადაწყვეტილებისა და ჩვენი კანონმდებლობის არსს", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები