14 იანვარი საქართველოში სახელმწიფო დროშის დღეა. მისი აღნიშვნა რეგიონებიდან უკვე დაიწყო. დილის 8 საათისთვის სახელწმიფო დროშა აღიმართა ენგურის ხიდთან და ბათუმში იუნკერების მემორიალთან. ანალოგიურად დროშები აღიმართება ახალციხეში, ყაზბეგში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და სხვა ქალაქებში.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში საღამოს საზეიმო მიღება გაიმართება. სპეციალურად ამ დღისათვის დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელიც სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება.
ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად, 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. სწორედ ამ კანონის მიღების დღე, 14 იანვარი დადგინდა სახელმწიფო დროშის დღედ. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წელს აღინიშნა.