03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე დღეს იმსჯელებენ

რა სახით გაგრძელდება გუდიაშვილის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები? - ამ საკითხზე დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლები იმსჯელებენ.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა განაცხადა, რომ შეხვედრას ყველა ის ექსპერტი დაესწრება, ვისაც მოედნის მიმდებარედ კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის არსებულ პროექტებზე უმუშავია.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს გამოცხადდება ახალი კონკურსი, თუ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც არსებულ პროექტებს გააუმჯობესებს და თანამედროვე კანონმდებლობით არსებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებში მოაქცევს. როგორც ცნობილია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე წარგენილი პროექტები დაიწუნა. არსებული პროექტები 2005 წელს არის დამტკიცებული, თუმცა საზოგადოების პროტესტის გამო ვერ განხორციელდა.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თქმით, თუ კონკურსი ჩატარდება, მიღებული იქნება გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაციის ახალი პროექტები.

"თუ გამოცხადდა კონკურსი, ახალი პროექტები იქნება მიღებული, მაგრამ დრო მცირეა. ერთი ზამთარიც რომ ასე დავტოვოთ გუდიაშვილი, შეიძლება მთელი ინფრასტრუქტურა დავკარგოთ. ამიტომ, ვეუბნებით, რომ მოგვცენ საშუალება და გაკეთდეს ისეთი პროექტი, რომლითაც შევძლებთ რაღაცის გაკეთებას. თუმცა, ფონდი არ დაელოდება არაფერს და გააგრძელებს დრენაჟის სამუშაოებს", - განაცხადა ხომერიკმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები კონკურსის ჩატარებას მოითხოვენ. როგორც "ტფილისის ჰამქარის" წარმომადგენელმა თამარ რამიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ორგანიზაციასა და თბილისის მერს შორის დადებულ მემორანდუმშიც ნათქვამია, რომ რეაბილიტაციისთვის კონკურსის ჩატარება აუცილებელია, რადგან არსებული პროექტები არ არის დამაკმაყოფილებელი. 

დღის ამბები