03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
ომბუდსმენი პროკურატურას პატიმრების წამების ფაქტებზე მიუთითებს

სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში გამოვლენილი კონკრეტული დარღვევის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.

საქმე ეხება 2014 წლის 12 ნოემბერს მომხდარ შემთხვევას, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულები საპატიმროში მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ. რა დროსაც შემთხვევით აღმოაჩინეს ერთ-ერთ განყოფილებაში პატიმრებთან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, რწმუნებულებმა ყვირილისა და ჩხუბის ხმა გაიგეს, დერეფანში კი სისხლის კვალი აღმოაჩინეს. ინციდენტის ადგილზე მათ ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები დახვდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, მათ საშუალება მიეცათ ენახათ საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ.

ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იატაკზე იწვა. მ.უ.-ს ხელ-ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული.

ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა.

აღნიშნული ფაქტის გამოძიების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა მთავარ პროკურორს უკვე მიმართა.

სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულების სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად, ასევე საგამოძიებო ორგანომ დროულად ამოიღოს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

ამავე თემაზე
დღის ამბები