03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
ახალი კონცეფცია ფარული მოსმენებისთვის დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას ითვალისწინებს

პარლამენტს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი, ახალი ინიციატივა გადაეგზავნა. ინიციატივის ავტორი თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტია.

ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ აუცილებელია შეიქმნას ფარულ საგამოძიებო ღონისძიებათა ორგანო, რომელსაც „ცენტრალური ბიურო“ ერქმევა. ბიუროს ხელმძღვანელს პრეზიდენტი დანიშნავს, ბიუროს შემადგენლობა კი, ხელმძღვანელის გარდა, კონფიდენციალური უნდა იყოს. ინიციატივის მიხედვით, ბიუროს უნდა ჰყავდეს მაკონტროლებელი ორგანო, რომელსაც ერქმევა კომისია. ამ კომისიის შემადგენლობაში იქნება 5 წევრი. ერთი წევრი იქნება სახალხო დამცველი, მეორე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, 3 ადამიანს კი კომისიაში წარადგენს პარლამენტი და აუცილებელია, რომ ერთ-ერთი პირი წარადგინოს საპარლამენტო უმცირესობამ.

ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე აცხადებს:

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინიციატივა ორგასაღებიანია, რადგანაც ერთი გასაღები ექნება აღნიშნული დამოუკიდებელი ბიუროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელში, ხოლო მეორე გასაღები, ანუ კონტროლის გასაღები ექნება სპეციალურ კომისიას“.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ამ წინადადებას შესაძლოა პრობლემები შეექმნას საკანონმდებლო ორგანოში პროცედურული თვალსაზრისით, რადგან დაგვიანებით გადაიგზავნა პარლამენტში. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის თქმით კი, ეს მოდელი არის სხვა მოდელებზე უკეთესი, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ეს ინიციატივა გავა, არის მინიმალური, რადგან მთავრობა არ აპირებს ამ გასაღების დათმობას.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ თუკი ეს წინადადება დარეგისტრირდება კანონპროექტად, შესაძლოა მასზე მუშაობა გააგრძელონ.

ინიციატივის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი მსჯელობას კვირის ბოლოს გეგმავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები