03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
პრეზიდენტი სახალხო დამცველს და ეთნიკური უმცირესობის საბჭოს წევრებს ხვდება

პრეზიდენტი სახალხო დამცველსა და ომბუდსმენის ოფისთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე განიხილავენ იმ პროექტებს, რომელიც პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მომავალშიც განხორციელდება.

შეხვედრის წინ უჩა ნანუაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა განაცხადეს, რომ ისინი კონკრეტულად ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე გაამახვილებდნენ ყურადღებას, რაც უკავშირდება ენის სწავლების, ზოგადად განათლებისა და უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებს.

„მათი სურვილი იყო შეხვედროდნენ პრეზიდენტს და მიეწოდებინათ ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც ისინი აწყდებიან. რა თქმა უნდა, პრობლემები განსხვავებულია. ძირითადად, საკითხი ეხება მათი უფლებების დაცვას, მათ სამოქალაქო ინტეგრაციას, სახელმწიფო ენის სწავლებას, განათლების, კულტურის და სხვა სახის პრობლემებს,“ - განმარტა სახალხო დამცველმა.

არნოლდ სტეფანიანმა კი პრეზიდენტს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან შეხვედრა შესთავაზა.

„გვინდა შევთავაზოთ პრეზიდენტს, შეხვდეს სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის მოსახლეობას. რამდენიმე ისეთი საკითხია, რომელზეც ბოლო ორი წლის წინ არ იყო ყურადღება მიქცეული. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ წინ წავწიოთ ეს საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებისთვის მათი სპეციფიკური უფლებების დაცვა, მათ შორის არის ენობრივი და კულტურული უფლებების დაცვა,“ - განაცხადა სტეფანიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები