03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
"რომელ ქვეყანაში აყენებს პრემიერ-მინისტრი არასამთავრობოებს შეურაცხყოფას?" - კახა კოჟორიძე

„მე დავსვამდი კითხვას, რომელ ქვეყანაშია ისეთი სიტუაცია, როდესაც პრემიერ-მინისტრი კვარტალში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეურაცხყოფას აყენებს?“ - ეს კომენტარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა, როგორც მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირმა, უნდა შეძლოს, რომ საკუთარი პოზიციები შეურაცხყოფის გარეშე ჩამოაყალიბოს.

ღარიბაშვილის განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორიც და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს დისკრედიტაციული პოზიცია აქვს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. მისივე თქმით, ეს არ არის დემოკრატიული ქვეყნის მმართველისთვის დამახასიათებელი ქმედება.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია კი ღარიბაშვილს მოუწოდებს, რომ მომავალში მისი განცხადებები არ იყოს პოლიტიკურად  მოტივირებული და არ შეიცავდეს არასამთავრობოების დისკრედიტაციას.

„არსებობს პრობლემები დემოკრატიასთან მიმართებით, რადგანაც არსებობს პრობლემები განსხვავებული აზრის მიღებასთან დაკავშირებით,“ - ეს შეფასება კი ღარიბაშვილის განცხადებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას საპარლამენტო უმცირესობაშიც გამოეხმაურნენ. აკაკი მინაშვილის თქმით, ეს არის ტიპიური ავტოკრატიული განწყობის საბჭოთა მენტალობის ადამიანის განცხადება.

თავად პრემიერის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილის სიტყვებზე ატეხილ ხმაურზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ორი გასაღების პრინციპი მისთვის მიუღებელია და მას „კატასტროფა“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ აღნიშნულ მოდელს კატეგორიულად ეწინააღმდეგებ და ასე მოიქცეოდა ყველა ნორმალური, ჯანსაღი, პატრიოტი, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი.

„ნაციონალები იყენებენ თავის არასამთავრობოებს და ა.შ. ეს ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენ დღეს ვართ სახელმწიფო,“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები