03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
თბილისში მიუსაფართა თავშესაფარი აშენდება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით დედაქალაქში მიუსაფართა თავშესაფარი აშენდება. თავშესაფრის მშენებლობისთვის კი  2 მილიონ 148 ათასი ლარი დაიხარჯება.

მერიამ თავშესაფრის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.

შენობა სოფელ დიდ ლილოში აშენდება და ერთსართულიანი კარკასული ტიპის ნაგებობა იქნება.

შენობა, პროექტის თანახმად, შედგება ადმინისტრაციული, სამეურნეო და ორი საცხოვრებელი ბლოკისგან. საცხოვრებელი ბლოკები 240 პირზეა გათვლილი. შშმ პირებისთვის გათვალისწინებულია 2 ოთახი, ასევე ყველა ბლოკში იქნება პანდუსები და სველი წერტილები.

პროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ ნაწილში განთავსებულია მთავარი შესასვლელი მიმღებით, ადმინისტრაციის ოფისები, კრიზისული ბლოკი და სამედიცინო პუნქტი ექიმების კაბინეტებით.

სამეურნეო ნაწილში მდებარეობს სასადილო 168 ადგილზე, დამხმარე სათავსებით, საწყობები, საერთო ტუალეტები და საშხაპეები.    

ტენდერი 28 ნოემბერს დასრულდება.

პროექტი 2014 და 2015 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ძირითად თანხას კი მერია მიმდინარე წელს გამოყოფს. 

დღის ამბები