03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
"თქვენ დღეს ხართ ისტორიული ქალაქისთვის საფრთხის შემცველი ადამიანი" - ალეკო ელისაშვილი თემურ ხომერიკს

დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვას საკრებულოში ხმაური მოჰყვა. გაფართოებული კომისიების სხდომაზე ერთმანეთს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი, თემურ ხომერიკი დაუპირისპირდნენ. 

ელისაშვილს ფონდის მუშაობასთან აქვს პრეტენზიები. მისი განცხადებით, ფონდის ხელმძღვანელი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

„ხან მრევლის მოწერის მიხედვით წყვეტთ, რომელი შენობა გაამაგროთ, ხან თქვენი პირადი სუბიექტური განცდით. მთელ ძველ თბილისში ინგრევა შენობები. თქვენს ფონდში არსებობს სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება, რომლის თანამშრომლებიც  ძალიან მაღალ ხელფასს იღებენ არაფრის გაკეთებაში. დავრწმუნდი, რომ თქვენ დღეს ხართ ისტორიული ქალაქისთვის საფრთხის შემცველი ადამიანი. თქვენ არ შეგიძლიათ, მოუსმინოთ სხვას. წარმოდგენა არ გაქვს, როგორ უნდა განვითარდეს ისტორიული ქალაქი,“ - მიმართა ელისაშვილმა ხომერიკს. 

თავის მხრივ თემურ ხომერიკი ამბობს, რომ ელისაშვილს აქვს აზრი, რომ "სულ რაღაც სამი კაცის ექსკლუზიური უფლება არის, დაადოს ხელი, რომელი ბინით უნდა დაიწყონ რეკონსტრუქცია".

"ძველი ქალაქი არის სავალალო მდგომარეობაში, წყალზე დგას, ყოველდღიურად წვება შენობები. ხელოვნურმა ჩარევამ კი, რაც ფასადების გამაგრებით მოხდა, პირიქით ვალდებულებები მოუმატა მოსახლეობას და უარეს მდგომარეობაში ჩააგდო," - განაცხადა ხომერიკმა "კურიერთან".  

ბიუჯეტის განხილვა საკრებულოში თითქმის 4 საათს გრძელდებოდა. დოკუმენტი ქალაქის მთავრობას ორშაბათს დაუბრუნდება, რომლის შემდეგაც ჩასწორებული ვარიანტი 10 დეკემბრამდე ისევ საკრებულოში შევა განსახილველად.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები