03 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევით აღმოჩენის ისტორია და სტატისტიკა

არის, თუ - არა, გამონაკლისი ის, რაც გლდანის ციხეში მოხდა? ბოლო ერთ თვეში გახმაურდა სულ ცოტა სამი ფაქტი, როდესაც არაადამიანურ მოპყრობაზე ან თუნდაც წამებაზე შეიძლება ლაპარაკი.

12 ნოემბერი - სახალხო დამცველის სამსახურის თანამშრომლებმა ციხის დერეფნის ბოლოდან ხმაური გაიგეს, ისინი საშხაპეში შევიდნენ და იქ ორი პატიმარი იპოვეს.

ომბუდსმენის თანამშრომლებმა ნანახის შესახებ სპეციალური დოკუმენტი შეადგინეს.

ამ დროისთვის, სახელმწიფო უწყებების ინფორმაციით, საქმე მიმდინარეობს აკრძალული ნივთის ქონის მუხლით. მათივე ცნობით საკანში პატიმრებმა ალკოჰოლური სასმელი, ე.წ. ბრაგა კუსტარულად დაამზადეს. ხუთმა პატიმარმა ეს სასმელი დალია. ამ ხუთიდან ორი სიმთვრალეში აგრესიულად იქცეოდა და მათ პირღებინება დაეწყო. სწორედ ამიტომ ზედამხედველებმა ისინი საშხაპეში გადაიყვანეს.

გარდა თავად მომხდარისა, კითხვები არსებობს ფაქტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც. მაგალითად: ეს ისტორია 12 ნოემბერს მოხდა, სახალხო დამცველმა პროკურატურას ფოსტის მეშვეობით 17-ში მიმართა. პროკურატურამ მასალები 19 ნოემბერს მიიღო.

კიდევ ერთი პრობლემა - პატიმრები რომლებიც საშხაპეში ხელბორკილით იყვნენ დაბმული, ახლაც იმავე ციხეში არიან. იქვე მუშაობენ ის ადამიანებიც, ვინც შესაძლოა ჩაიდინა ეს დანაშაული.

კითხვები ამ საქმის ირგვლივ კიდევ ბევრია. მაგრამ მთავარი სამხილი რომელსაც შეეძლო ყველაფრისთვის გაეცა პასუხი, აღარ არსებობს. ვიდეოჩანაწერები განადგურებულია.

გლდანის ციხეში მომხდარი მოვლენების შემდეგ პრობლემები იწყება ბათუმის ციხეშიც. აქ დღეს 16 პატიმარი შიმშილობს. სამი მსჯავრდებული თბილისში გადმოიყვანეს. ერთ-ერთს - 80 ნაკერი აქვს.

ციხეებში შექმნილ ვითარებაზე ბევრი სხვადასხვა განცხადება კეთდება. სასჯელაღსრულების სამინისტრო ამტკიცებს რომ საქმე გვაქვს კრიმინალების გააქტიურებასთან. არასამთვრობო ორგანიზაციებში ამტკიცებენ რომ სისტემა დეგრადაციას განიცდის.

ყოფილი პატიმრებიდან ნაწილი მიიჩნევს რომ გლდანში მომხდარი არის პროვოკაცია, რომელიც ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის მოხდა.

პირი, რომელიც თავადაც მონაწილეობდა წამებაში, ლადო ბედუკაძე, აცხადებს, რომ 12 ნოემბერს გლდანის ციხის საშხაპეში მომხდარს ესწრებოდა ადამიანი, რომელიც მასთან ერთად ცნობილ ციხის კადრებს იღებდა.

12 ნოემბერს ორი პატიმარი ბორკილებით და ჯაჭვებით ხელ-ფეხ შეკრული საშხაპეში იპოვეს. მათ ჭრილობები ჰქონდათ. დღეს ეს პატიმრები იმავე ციხეში არიან. სამსახურში არიან ციხის ის თანამშრომლებიც, რომლებმაც შესაძლოა აწამეს პატიმრები. სახალხო დამცველმა თითქმის ერთი კვირა არ გაახმაურა ეს ისტორია. სათვალთვალო კამერებიდან ვიდეო მასალა აღარ არსებობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები