03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
"კავკასიის რუსული სული" - რუსული ზეიმი საქართველოს დედაქალაქში

ბოლო სამ დღეში რუსეთმა ორ ფრონტზე მოგვიგო. მედვედევის კაბინეტმა დაამტკიცა და პუტინს ხელმოსაწერად გაუგზავნა აფხაზეთთან დასადები შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. საქართველომ, როგორც უაღრესად კონსტრუქციულმა მხარემ, ეს დოკუმენტი ზეპირად დაგმო, პარალელურად კი თბილისის შუაგულში, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ტაში უკრა ფესტივალს სახელწოდებით „კავკასიის რუსული სული“.

ვალერი სვარჩუკი რუსულ-ქართული ურთიერთობების ნაკლებად აფიშირებული, მაგრამ მნიშვნელოვანი პერსონაჟია. უკვე 10 წელია, ხელმძღვანელობს საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირს “ოტჩიზნა”, რომელიც 31 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. 2000 წლიდან რუსეთის დუმის თანამემამულეთა საბჭოს წევრია. სწორედ მან უმასპინძლა  რუსულ-კავკასიურ ფესტივალს თბილისში.

ლავროვის კანტორა თბილისის ფესტივალის დაგეგმვაში, მონაწილეთა შერჩევაში, ტრანსპორტირებასა და სულიერი სიმაღლის შენარჩუნებაში აქტიურად იყო ჩართული.

ჩრდილოელი ძმა მიჩვეულია, რომ საზღვარზე პრობლემებს არ შევუქმნით. ყარაჩაი-ჩერქეზეთის ანსამბლ „ელბრუსის“ წევრებს, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ აფხაზეთში რომ ასეთივე ფესტივალში მონაწილეობდნენ, საზღვრის გადმოკვეთისას არც არაფერი ჰკითხეს. ხელოვნების ამხელა დღესასწაულს, ალბათ, ფორმალობის დაცვა არ ეკადრებოდა.

თუკი თავიდანვე ვთანხმდებით, რომ კავკასიას რუსული სული აქვს, ვერასდროს შევთანხმდებით, სუხიშვილებისა და ერისიონისგან ნიჭიერად მოპარული ჩერქეზული ილეთები უფრო ცეცხლოვანია თუ ზოგადად კავკასიელთაგან მოპარულ ჩოხაში გამოწყობილ კაზაკთა დაძახილი.

კავკასიაში თუ, რუსულის გარდა, სხვა სულის ჭაჭანება აღარ დარჩა, მეგობრობის გაგრძელებას დიდი მოხერხება არ დასჭირდება. სანამ ლავროვებსა და პუტინებს თავი სადმე მაინც მიაჩნიათ უცხოეთში და სამშობლო უსაზღვროდ ენატრებათ, მშვიდობის შანსი გვაქვს. მაგრამ, როდესაც საკუთარი სამშობლო უსაზღვროდ, შენი კი უსაზღვრებოდ ენატრებათ, ცეკვასა და თამაშს აღარავინ გაკმარებს
„ნეტ ზემლი კრასივეი ჩემ როსია“.

დღის ამბები