03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
დავითაია: "თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი"

„არაფერი უთანხმოება არ ყოფილა. ეს იყო ჩასაფრება ჩემს ოფისთან, რედაქციასთან, სადაც ჩვეულებრივად მივდიოდი სამშაბათის თათბირზე. სამშაბათობით ღამით ტარდება თათბირები რედაქციაში. მათ ეს იცოდნენ და მელოდებოდნენ,“ -  ამბობს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია "რუსთავი2"-თან ინტერვიუში. 

დავითაია მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. მას რამდენიმე მოტეხილობა და თავის ტვინის დაზიანება აქვს. ჟურნალისტი მომხდარის დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და „თავისუფალი ზონის“ აგრესია მის პუბლიკაციებს უკავშირდებოდა.

დავითაიას ცემის ფაქტზე შსს-მ „თავისუფალი ზონის“ ორი წევრი დააკავა. დავით გოგოხია და ფარნაოზ ჭკადუა პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

ისინი უკვე მოინახულა ადვოკატმა, რომელიც ირწმუნება, რომ დაკავებულებს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. გია ონიანი მოითხოვს, რომ დაკავებულებს ექსპერტიზა ჩაუტარდეთ და მის საფუძველზე პროკურატურას დამნაშავე სამართალდამცველების დასჯას მოსთხოვს.

დღესვე „ასავალ-დასავალის“ სხვა ჟურნალისტებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათ კოლეგაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობებენ.

 

 

დღის ამბები