03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
სახალხო დამცველის პოზიციას პარლამენტში დღეიდან საპარლამენტო მდივანი წარადგენს

საქართველოს სახალხო დამცველს დღეიდან საპარლამენტო მდივანი ეყოლება. ომბუდსმენის ინტერესებს პარლამენტში ეკატერინე ფოფხაძე წარადგენს.

საპარლამენტო მდივნის პოზიცია სახალხო დამცველის აპარატში ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის ხელშეწყობა“ ფარგლებში შეიქმნა და მისი მოვალეობაა საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის კომუნიკაციისა და საკანონმდებლო პროცესში ჩართვის ორგანიზება.

ომბუდსმენის საპარლამენტო მდივანი პერიოდულად მიმოიხილავს აპარატში შესული კანონის პროექტებს, მოამზადებს სამართლებრივ დასკვნებს; ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების კანონმდებლობაში ასახვის მიზნით, შეიმუშავებს საკანონმდებლო წინადადებებისა და ცვლილებების პროექტებს; მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, სამუშაო ჯგუფში კანონპროექტების განხილვის პროცესში, სადაც წარმოადგენს სახალხო დამცველის პოზიციებსა და მოსაზრებებს.

ეკატერინე ფოფხაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შეირჩა. ის 2003 წლიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა და 2010-2014 წლებში ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

დღის ამბები