03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია საქართველოს 23 ქალაქში გაიმართა

ქალთა უფლებების დასაცავად მთელი საქართველო გაერთიანდა. სოლიდარობის აქციები ქვეყნის 23 ქალაქში ერთდროულად, 13 საათზე დაიწყო. თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ გაავრცელეს მიმართვა ხელისუფლების სახელზე და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება.

პეტიციის ადრესატები არიან პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ, რომ მოხდეს ადეკვატური რეაგირება ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ძალადობის პრევენცია.

„ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური შეკრება ძალადობის მსხვერპლი ქალებისადმი სოლიდარობის გამოსახატად. ჩვენ ვითხოვთ, პირველ რიგში, ხელისუფლებისგან, რომ პრევენციული ზომები გაატარონ,“ - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა და ამ ქმედებებში საზოგადოების ჩართვის აუცილებლობაზე გააკეთეს აქცენტი.

კიდევ ერთი აქცია გაიმართა თბილისში, მრგვალ ბაღთან, სადაც პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა ქუთაისშიც. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ არასამთავრობოები, მოქალაქეები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

’’ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე’’ - ამ ლოზუნგით აქცია გორშიც გაიმართა. აქციას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მოხალისეები შეუერთდნენ. აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ორგანიზატორების აზრით, ძალადობის აღსაკვეთად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და სამოქალაქო აქტივობაში ჩართვა.

ქალთა უფლებების დასაცავად მოქალაქეები ბათუმში, ერას მოედანზეც შეიკრიბნენ. აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციები და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.

პეტიციას, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა შეიმუშავეს, ექნება ელექტრონული ვერსიაც და მისთვის მხარდაჭერის გამოცხადება ინტერნეტის საშუალებითაც იქნება შესაძლებელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები