03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
115-ე სკოლის თანამშრომელი დირექტორს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს

115-ე სკოლა სკანდალში ეხვევა. მიზეზი ლანა ღონღაძის საჩივარია. დირექტორის ყოფილი მოადგილე და მართვის მასწავლებელი ახალ დირექტორს მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

ლანა ღონღაძემ მიმდინარე წლის მაისიდან დღემდე დეკრეტულ შვებულებაშია. დეკრეტში გასვლამდე კი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ღონღაძე ამავე სკოლაში მოსწავლეებს ავტომობილის მართვას ასწავლიდა.

მომჩივანი ღონღაძე აცხადებს, რომ მაშინ, როცა ის დეკრეტულ შვებულებაში იყო, სკოლამ ახალი დირექტორი აირჩია, რის შემდეგაც დირექტორმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. სკოლის ახალი დირექტორი ფიქრია ღამბაშიძეა. 

„რუსთავი 2-თან“ საუბრისას დირექტორის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ ფიქრია ღამბაშიძეს მან თანამდებობის დაკავება პირადად მიულოცა. თუმცა მილოცვიდან რამდენიმე დღის შემდეგ მან  მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც მას მოადგილის თანამდებობა დაატოვებინეს და მხოლოდ მასწავლებლის საათები შეუნარჩუნეს.

ღონღაძის განცხადებით, ის ამის შემდეგ დირექტორს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა. საუბრის დროს კი დირექტორმა მასთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზით ახსნა.

პირველი მიზეზი, როგორც მომჩივანი დღეს იხსენებს, არის ის, რომ მასწავლებელი დირექტორმა ბავშვზე ძალადობასა და „ქართული ოცნების“ მაისურის დახევაში დაადანაშაულა. მეორე მიზეზი, როგორც ღონღაძე აცხადებს, მასსა და ფიქრია ღამბაშიძეს შორის ადრე არსებული უთანხმოებაა. უთანხმოების მიზეზი კი მოსწავლისთვის ნიშნის გადაკეთების საკითხი გახდა.

ღონღაძემ დარღვეული უფლებების აღსადგენად საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ლანა ღონღაძემ საჩივრით განათლების სამინისტროსაც მიმართა. თუმცა სამინისტროს ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. სანიკიძის უწყებამ ღონღაძეს არც წერილობითი პასუხი დაუბრუნა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები