09 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ევროსაბჭოს რეზოლუციიდან ივანიშვილთან დაკავშირებული მუხლი ამოიღეს

103 ხმით 27-ის წინააღმდეგ ევროსაბჭომ, მწვავე დებატების ფონზე, დღეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.

ევროსაბჭომ მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი მხოლოდ ერთი ცვლილებით მიიღო. ეს ცვლილება ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხს ეხება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც ერევა მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში.  

საბოლოოდ, ეს ნაწილი დოკუმენტში აღარ არის. თუმცა დარჩა სხვა ისეთი საკითხები, რომლის ამოღებასაც ხელისუფლება ითხოვდა.

დოკუმენტის მიხედვით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი ხელისუფლებას მიმართავს ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო, გამაფრთხილებელი ზომით შეცვალოს. რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სამართლებრივ დევნასა და ქონების დაყადაღებაზე, ასევე ხელისუფლების მაღალ შტოებს შორის დაპირისპირებაზეა საუბარი.

მთელი დღის განმავლობაში ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზში რეზოლუციის განხილვა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. გამომსვლელების უმეტესობა ხელისუფლებას ოპოზიციის დევნის გამო აკრიტიკებდა, რაც საბოლოოდ დოკუმენტშიც აისახა. 

დღის ამბები