03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
სახალხო დამცველი ქსნის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს შეისწავლის

სახალხო დამცველი ქსნის ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს გარდაცვალების მიზეზი. 

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის რწმუნებული, შეტყობინების მიღების საფუძველზე, 2014 წლის 25–26 ნოემბრის ღამეს ქსნის ციხეში იმყოფებოდა პატიმარ ა.ჭ.-ის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

გარდაცვალების ანამნეზის მიხედვით, მსჯავრდებული საკანში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყელის არეში აღენიშნებოდა ნაჭდევი და გულის ცემა არ ისმინებოდა. ჩატარებული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, სიცოცხლის ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა.

"ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 20:40 საათზე, სავარაუდო DS ასფიქსია. არ ფიქსირდება მე-15 დაწესებულებაში მედიკამენტების მიღების ფაქტიც," - ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან, განცხადებაში ისიც არის ნათქვამი, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულმა გვამი დაათვალიერა და მას ყელის არეში არსებული ნაჭდევის გარდა, სხეულზე სხვა სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა. თუმცა ამ განცხადებაში ისიც არის ნათქვამი, რომ "ასევე დააფიქსირეს ზედა კიდურებზე და მუცლის არეში ძველი მრავლობითი თვითდაზიანებების კვალი". 

სახალხო დამცველისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს გარდაცვალების მიზეზი.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეამოწმეს მსჯავრდებულ ა.ჭ.-ის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ასევე დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა, რომლის მიხედვით, სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებაში მოთავსებისას ექიმისთვის რაიმე სახის ჩივილებით მსჯავრდებულს არ მიუმართავს. თუმცა მსჯავრდებულ ა.ჭ.-ის სამედიცინო ბარათის მიხედვით, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში ყოფნის (2014 წლის 1 მარტიდან 15 ოქტომბრამდე) პერიოდში, მსჯავრდებული გადიოდა მკურნალობას, მათ შორის გაწეული აქვს ექიმ-ფსიქიატრის კონსულტაციები 2014 წლის ივნის-ივლისში.

"სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს საქმის დეტალების შესწავლას და დამატებითი მასალების მოძიების შემდგომ ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის ორგანოებს და საზოგადოებას," - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები