03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
რკინიგზა ახალ პროფკავშირებს სიცრუეში ადანაშაულებს

“საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობა ახალ პროფკავშირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ საუბარია საგანგებო განცხადებაში, რომელშიც ნათქვამია, რომ რკინიგზის თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის მიერ მოწყობილი გაფიცვა მცირემასშტაბიანია და მას რკინიგზის მუშაობა არ შეუფერხებია და ამჟამად, გაფიცვის გამო, სისტემაში ტექნიკური პერსონალის ჩანაცვლების საჭიროებაც არ დგას, როგორც ამას პროფკავშირები იუწყება.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი პროფკავშირების მხრიდან ხდება ზეწოლა რკინიგზის იმ თანამშრომლებზეც, რომლებიც ამ გაფიცვას არ შეუერთდნენ.

„ახალი პროფკავშირის მხრიდან ხდება ზეწოლა არაგაფიცულ რკინიგზელებზე პირადი მუქარისა და დაშინებების გზით. რკინიგზის მენეჯმენტმა უკვე გაუგზავნა ახალ პროფკავშირს ოფიციალური შეტყობინება ამ თემაზე - მსგავსი ტიპის ქმედებებისგან თავის შეკავებისა და გაფიცვის კანონიერების ფარგლებში მოქცევის მოწოდებით,“ - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ბოლო დღეებში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევებს, რკინიგზის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ ეს ინსტრუქციის დარღვევით გამოწვეული შემთხვევებია, რომლის მსგავსიც წელიწადში რამდენჯერმე ხდება და სისტემას აქვს მათი პრევენციისა და აღმოფხვრის მრავალსაფეხურიანი მექანიზმი.

ამავე თემაზე
დღის ამბები