03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
"ენგურჰესთან" მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა  ”ენგურჰესთან” ახლოს, მდინარიდან დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმად, 112-ში გუშინ შევიდა ინფორმაცია, რომ ენგურჰესის სიახლოვეს, მდინარეში, სავარაუდოდ, მამაკაცი დაიხრჩო. 

წალენჯიხის სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ. საძიებო-სამშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, უამინდობის გამო მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ვერ იპოვნეს. საჭირო გახდა თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფების გამოძახება.

სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზიდან მყვინთავების სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე სპეციალური აღჭურვილობით გავიდა. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მყვინთავების ჯგუფი.

შსს-ს მაშველების ორგანიზებით, ერთობლივად ჩატარებული საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს და წყლიდან ამოიტანეს.

დღის ამბები