03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
პრეზიდენტის ალტერნატიული ვერსია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით

ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელსაც დღეს დეპუტატები განიხილავენ გუშინ, დღის ბოლოს გამოქვეყნდა. დოკუმენტის განხილვა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმება. 

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირის შესახებ პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან უნდა განხორციელდეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სტანდარტის შესაბამისად. ხსენებული სტანდარტი ითვალისწინებს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ პირის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის სახელმწიფო ორგანოსათვის გადაცემას მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების, ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორის დადგენილების საფუძველზე. აქვე ნათქვამია, რომ აუცილებელია არსებობდეს ინფორმაციის გადაცემაზე გარე კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ამავე საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კომენტარს უპასუხა.

კვერენჩხილაძის თქმით, თითქმის 2 თვის განმავლობაში მარგველაშვილის ადმინისტრაციამ არაერთხელ მიმართა წერილობით, რომ შეხვედროდნენ პრეზიდენტს სწორედ პერსონალურ მონაცემთა დავცვის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მარგველაშვილის ადმინისტრაციამ შენიშვნების მომზადება 20 საათში შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით მას 10 დღიანი ვადა ჰქონდა მინიჭებული.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ გუშინ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები