03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
ცოლ-ქმარს შორის თანასწორობაზე მნიშვნელოვანი ურთიერთპატივისცემაა - ილია მეორე

ძალადობა, რომელიც ადამიანთა შორის, ოჯახებში ხდება, ურწმუნოებით არის გამოწვეული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ადამიანთა ძალადობით ბოლო დროს შეწუხებულია ხელისუფლება, საზოგადოება და ეკლესია.  

„როდესაც ჩვენ ახალგაზრდებს ვეუბნებით, რომ არ შეიძლება ძალადობა, ეს საკმარისი არ არის. უნდა ვიფიქროთ შინაგან, სულიერ სამყაროზე. ბოროტება ტრიალებს ადამიანის სულში და გონებაში და ეს შემდეგ ადამიანებს შორის ხორციელდება. ყურადღება უნდა მივაქციოთ შვილების სულიერ სამყაროს. შვილებს ყველაფერს ვაძლევთ - განათლებას, საჭმელ-სასმელს და ჩასაცმელს, ვასწავლით ენებს და ხელობას, ვამთავრებინებთ უმაღლეს სასწავლებლებს და იმას არ ვფიქრობთ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ვასწავლოთ, ვასწავლოთ რა არის სიკეთე და ბოროტება", - განაცხადა ილია მეორემ.

მან ოჯახში ქმარსა და ცოლს შორის თანასწორობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ცოლ-ქმარს შორის თანასწორობა კი არა, ურთიერთპატივისცემაა მნიშვნელოვანი.

"ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მამაკაცი ძალადობს ქალზე ან ცოლი ძალადობს ქმარზე. ძალიან ხშირად გვესმის, რომ საჭიროა თანასწორობა ქმარსა და ცოლს შორის. არ შეიძლება ასე მსჯელობა. თანასწორობა კი არა, დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს. უნდა სარგებლობდეს ამ პატივისცემით ქმრის წინაშე. ეს ქალის ავტორიტეტი მუდამ მაღალი იყო საქართველოში და ეს უნდა შევინარჩუნოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი", - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.

ამავე თემაზე
დღის ამბები