20 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოსთან დაკავშირებით,"-ეკა გიგაური "რუსთავი 2-ის" საქმეზე საუბრობს

არასამთავრობო სექტორი რუსთავი 2-ის სასამართლო პროიცესსა და მის ფორსირებულ რეჟიმში წარმართვას ეხმაურება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური განმარტავს, რომ სასამართლო ხელისუფლების მუშაობა სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

„ჩვენთვისაც ეს არის მიუღებელი, რომ ესეთი რთული საქმე განიხილებოდეს საათებში ან დღეებში, ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები იმაზე, რომ ჩართულები არიან თუ არა სახელმწიფოს წარმომადგენლები ამ საქმეში. მე ვფიქრობ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოსთან დაკავშირებით. კარგი იქნებოდა თუ საქმე დაუბრუნდებოდა პირველ ინსტანციას,“-აცხადებს ეკა გიგაური.

სასამართლო ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძეც და განმარტავს, რომ ის ჩართულია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის პროცესში.

„ხელისუფლება ცდილობს გაითავისუფლოს საინფორმაციო ველი იმ მედიასაშუალებებისაგან, რომლებიც მას უქმნიან დისკომფორტს და ეხლა მიჰყვა გზას, რომელიც დამღუპველი იქნება თავად ხელისუფლებისთვის და დაასამარებს საქართველოში სიტყვის თავისუფლებას-ეს არის რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება და როცა ვამბობთ რომ ამაში მონაწილეობს ხელისუფლება, ეს არის არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება და ფორმალური მმართველი, არამედ თავად სასამართლო ხელისუფლება,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას გამგეობის წევრი, გიორგი მშვენიერაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ხოშტარია კი განმარტავს, რომ ოპოზიციური ტელევიზიების გარეშე საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას არ აღიარებს არც საერთაშორისო თანამეგობრობა და არც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

„აქ არის სერიოზული საშიშროება პროცესის მშვიდობიანი ჩარჩოებიდან გასვლის და ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ხელისუფლებას,“-აცხადებს ელენე ხოშტარია.

ავტორი:ნოდარ მელაძე.

დღის ამბები