რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ურთმელიძის სტანდარტის გათვალისწინებით, არსებობს საშიშროება რომ პროცესები არასასურველი მიმართულებით წარიმართოს.
„ურთმელიძის სტანდარტის გათვალისწინებით, არის შიში, რომ პროცესი შეიძლება არასასურველი მიმართულებით წარიმართოს. ამიტომ ვაკვირდებით ჩვენ ამ პროცესს და იმედი გაქვს, რომ მოსამართლე არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პრობლემებს შეუქმნის ქვეყანას დემოკრატიულ განვითარებას,“ - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორის ეკა ჭითანავას თქმით, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ხელისუფლებას სურს არჩევნებამდე კრიტიკული აზრის ჩახშობა.
„ახლაც გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ესე დაჩქარებულად მიმდინარეობს ამ საქმის განხილვა, რომ შესაძლოა ხელისუფლებას უნდოდეს, რომ არჩევნებამდე მოახერხოს გამოხატვის თავისუფლებაზე გავლენას მოხდენა. კრიტიკული აზრის ჩახშობა, რაც სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას,“ - განაცხადა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორმა ეკა ჭითანავამ.