ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს ეხება ქართულ ოცნებას ერთი პასუხი აქვს - "ეს არის ორ სუბიექტს შორის მიმდინარე დავა." უმრავლესობა ყველა მეთოდით ცდილობს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მედიასაშუალების წინააღმდეგ გამოცხადებული ომი ხელისუფლებას არ დაუკავშიროს, თუმცა მმართველი გუნდის არგუმენტები ძალიან სუსტია.
რუსთავი 2-ის საქმეზე დასმულ შეკითხვას დღეს შეერთებულ შტატებში მყოფმა პრემიერმაც თავი აარიდა. ტელეკომპანიის გახმაურებულ პროცესსა და საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე შეკითხვა გიორგი კვირიკაშვილს მოდერატორმა, პრემიერის ვაშინგტონში მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაუსვა.
საქართველოს მთავრობის მეთაურისგან განსხვავებით მშვიდობის ინსტიტუტში რუსთავის 2-ის საქმეზე შეერთებული შტატების პოზიცია ელჩმა იან კელიმ გამოხატა. სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსმაც.
ოპოზიციამ პირველი განცხადება პარლამენტის სხდომაზე სწორედ რუსთავი2-ის საქმეზე გააკეთა. ნაციონალურმა მოძრაობამ გიორგი კვირიკაშვილი პირობის შეუსრულობელობაში დაადანაშაულა და ხელისუფლებას მოუწოდა დამოუკიდებელი მედიასაშუალების ხელში ჩაგდების მცდელობაზე უარი თქვას.
ბრალდებებს ხელისუფლების დაინტერესებაზე არ ეთანხმებოდნენ უმრავლესობის წევრები. მმართველია პარტია კვლავ ორ სუბიექტს შორის სამართლებრივ დავასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე აკეთებდა აქცენტს.
პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თავისუფალ მედიაზე შეტევამ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას.
ავტორები:ნინო სამყურაშვილი, დავით ნიკურაძე.