20 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული

ამ დროის მონაცემებით წელს ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. უკვე ცნობილია იმ საგნების ჩამონათვალიც, სადაც ყველაზე მაღალი კონკურენცია იქნება. მოთხოვნად საგნებს შორის ისტორია და საბუნებისმეტყველო საგნები რჩება.

დიდი კონკურენციის გავლა მოუწევთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც საგნების ჩამონათვალში მათემატიკა შეიტანეს. ამ საგანში მოპოვებულ ქულებზე 10 ათასი მოსწავლის საბოლოო შედეგები იქნება დამოკიდებული. მათემატიკა ყველ წელს რეიტინგული დისციპლინების ჩამონათვალში ლიდერ პოზიციას იკავებს.

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 44 ათასი ვაკანტური ადგილია, გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემები გასულ წლების მსგავსია. თუმცა არ არის გამორიცხული მაჩვენებლები პირველ ივნისამდე შეიცვალოს. აბიტურიენტებს საბოლოო არჩევანის გაკეთება სწორედ ამ დრომდე შეეძლებათ.

რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ცვლილება არსებული მონაცემების დაახლოებით 3 კვირაში გაირკვევა, მას შემდეგ რაც საატესტატო გამოცდები ჩატარდება. ვინც ვერ გადალახავს სასკოლო ატესტატის ასაღებად საჭირო კომპეტენციის ზღვარს, ის წელს ეროვნულ გამოცდებს გამოეთიშება.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

დღის ამბები