სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილი სააღდგომო დახმარება ისევ ხმაურის მიზეზია. მას შემდეგ, რაც ბენეფიციარების ნაწილმა საკვებად უვარგისი პროდუქტი გადაყარა, ნაწილი დღეს ახსნა-განმარტებებს მთაწმინდის გამგეობაში ითხოვდა. მუნიციპალიტეტის მიერ დარიგებული სადღესასწაულო საჩუქარი, მოსახლეობის თქმით, ვადაგასული და უვარგისი აღმოჩნდა.
სოციალურად დაუცველებმა გაფუჭებული ქათმები მთაწმინდის გამგებელს, გელა არჩვაძეს, მიუტანეს. რაიონის ხელმძღვანელობა კი მომხდარში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ადანაშაულებს.
არგუმენტები სოციალურად დაუცველებისთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა. ისინი მთაწმინდის გამგეობის ფინანსური საქმიანობის შესწავლას პროკურატურას სთხოვენ. ამბობენ, რომ დარღვევები სოციალური დახმარების კუთხითაც არსებობს და ეჭვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე გამოთქვამენ.
გაფუჭებული საკვები პროდუქტის დარიგება გასულ კვირას თბილისის კიდევ ორი რაიონის, კრწანისის და ისნის, მოსახლეობამაც გააპროტესტა.
ავტორი: ეკა გაგუა