19 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტში ცვლილებები შევიდა და კიდევ ასობით ხის გაჩეხვა იგეგმება

კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტში, რომელიც ივანიშვილის სასტუმროს გავლით უნდა აშენდეს, უკვე ცვლილებები შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე გაჩეხილ 500 ძირამდე ხეს კიდევ ასობით მოჭრილი მცენარე დაემატება.

მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პირველადი პროექტი იმ 29 ჰექტარის აუქციონზე გაყიდვის გამო შეიცვალა, რომელიც თანაინვესტირების ფონდის საკუთრება გახდა. გზის მიმართულების შეცვლასთან ერთად კი დამატებით კიდევ ასობით ხის მოჭრა იგეგმება.

ხეების მოჭრის გარდა, რაზეც მერიამ თანხა უკვე დახარჯა, თბილისის ბიუჯეტიდან დამატებით მილიონზე მეტი ლარი ტერიტორიიდან გაზის მილების გადასატანად დაიხარჯება. ახალი კონტრაქტი მუნიციპალიტეტმა კომპანია ევორდთან აპრილში გააფორმა. იმ დროს, როდესაც სავარაუდოდ მერიაში უკვე იცოდნენ, რომ ტერიტორიის 29 ჰექტარს აუქციონზე თანაინვესტირების ფონდი და ბიძინა ივანიშვილი იყიდდა.

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისების და მის მიმდებარედ ასევე 29 ჰექტარის გაყიდვის გამო ოპოზიცია რიგგარეშე სხდომას და საკრებულოში დავით ნარმანიას მისვლას ითხოვს. ოპოზიციის მტკიცებით, კითხვები ბიუჯეტიდან არამიზნობრივად და ივანიშვილის ინტერესების გათვალისწინებით თანხის ხარჯვას შეეხება.

ავტორები: ეკო მაღრაძე, ლევან კალანდია.

დღის ამბები