20 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
სასტუმრო, გოლფის მოედნები და რეკრეაციული ზონა-თანაინვესტირების ფონდის გეგმები

ბიძინა ივანიშვილის მიერ ახლადშეძენილ 29 ჰექტარზე თავისუფლების მოედნიდან ანუ პანორამა თბილისის ერთ-ერთი ობიექტიდან მოხვედრას თანაინვესტირების ფონდში 5 წუთში ვარაუდობენ. არ არის გამორიცხული ახალი ტერიტორია თბილისის ცენტრს პანორამა თბილისის კიდევ ერთი ობიექტის, სოლოლაკის ქედის მსგავსად საბაგიროთი დაუკავშირდეს.

თანაინვესტირების ფონდში გეგმებზე დღეს აღარ უსაუბრიათ, თუმცა გუშინდელი პრესკონფერენციიდან  ცნობილი გახდა, რომ  შესყიდული ტერიტორიიდან სასტუმრო კომპლექსს მხოლოდ 20 ათას კვადრატულ მეტრზე ააშენებენ.  

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომლისთვისაც ტერიტორიის გამოყენება მოხდება, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე და გოლფის მოედნებია. თანაინვესტირების ფონდში ამტკიცებენ, რომ ლანდშაფტის შეცვლა და ამ ადგილის გოლფის სახეობის განსავითარებლად გამოყენება შესაძლებელია, თან ისე რომ ხე-ტყე არ გაიჩეხება.

ტერიტორიაზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით გეგმა და ექსპერტების დასკვნები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. 1 თვის ვადაში უკეთესი პროექტის წარდგენის შემთხვევაში კი, ფონდში არც ტერიტორიის დათმობას და სიმბოლურ ფასად გასხვისებას გამორიცხავენ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით,  29 ჰექტარი ტერიტორია თანაინვესტირების ფონდის შვილობილმა კომპანიამ 6 მილიონ 420 ათას  495 ლარად შეიძინა.

ავტორები:ანა წერეთელი, გოგიტა მაღლაკელიძე.

დღის ამბები