კულტურის სამინისტრო საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევას, ეხმაურება, რომელიც სამინისტროში არსებულ შესაძლო კორუფციას ეხება.
უწყების განცხადებაში ნათქვამია:
„კვლევა, რომელიც სათაურშივე ვარაუდზეა აგებული, შეიცავს კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მიკერძოებულად ინტერპრეტირებული საკითხების ჩამონათვალს.
სამინისტროში პროექტების შერჩევა და დაფინანსება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების სრული დაცვით.
სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორც საერთაშორისო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მუდმივად და შეუფერხებლად გასცემს საჯარო ინფორმაციას და პრაქტიკულად აქვეყნებს ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც პროექტების დაფინანსებას ეხება.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი ბრალდებები შეურაცხმყოფელია და ინსტიტუციის დისკრედიტაციას ემსახურება,“ - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობასა და შესაძლო კორუფციაზე საუბრობს საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო. არასამთავრობო ორგანიზაციამ უწყების მაღალჩინოსნების ბიზნეს ინტერესსა და სავარაუდო კორუფციაზე 40 გვერდიანი კვლევა მოამზადა.