დავით ნარმანიას გუშინდელ ანგარიშს არა მხოლოდ ბოტანიკური ბაღის გასხვისებისთვის აკრიტიკებენ. ბაღებში დასაქმებულები, შემცირებული პრემიები და მშენებლობა - ეს ის თემებია, რაზეც თბილისის მერს დღეს არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია პასუხობს.
დავით ნარმანია ერთ-ერთ წარმატებად სწორედ ბაღებში დასაქმებულ 800-ს ადამიანს ასახელებს, თუმცა თბილისის მერს, რომელმაც საკრებულოს მოხსენებით გუშინ მიმართა, ბაღებიდან დირექტორების მასობრივ გათავისუფლებაზე არაფერი უთქვამს.
დავით ნარმანია კიდევ ერთ მიღწევად თბილისში ქაოტური მშენებლობების წინააღმდეგ მუშაობასაც ასახელებს, თუმცა მერს არც ერთი ის გადაწყვეტილება არ უხსენებია, რომლის შედეგადაც თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე არაერთი მრავალსართულიანი მშენებლობა სწორედ მისი მერობის პირობებში განხორციელდა, მათ შორის, ოპოზიციის ინფორმაციით, ისეთი მშენებლობებიც, სადაც მაღალი თანამდებობის პირების ინტერესები იკვეთება.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა დავით ნარმანია სიცრუეში იმ განცხადების გამოც დაადანაშაულეს, რომელიც ბოტანიკურის ბაღის გასხვისებას და 29 ჰექტარის ივანიშვილისთვის მიყიდვას შეეხებოდა. თბილისის მერის მტკიცებით, მან წინასწარ არ იცოდა, რომ ნაკვეთის ყიდვას ივანიშვილი გეგმავდა.
ავტორი: ეკო მაღრაძე.