პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ფარული მოსმენებისთვის საჭირო ერთ-ერთი გასაღები ჩამოერთმევა, თუმცა მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციას შეინარჩუნებს - ეს არის იმ კანონპროექტის ნაწილი, რომელსაც კამპანია ეს შენ გეხება პარლამენტში უახლოეს დღეებში წარადგენს.
მაკონტროლებლის ფუნქცია ინსპექტორს დღეს არსებული რეგულაციებითაც აქვს, თუმცა ამავდროულად ის ჩართულია ფარული მიყურადების განხორციელების ტექნიკურ პროცესშიც. დოკუმენტის ავტორები ქალდანის უწყებას მხოლოდ ზედამხედველობის უფლებას უტოვებენ.
საკანონმდებლო პაკეტის დეტალებს ავტორები დღეს თამარ ქალდანთან განიხილავდნენ. მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანის საჭიროებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც მიუთითებს.
კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ფარულ მოსმენა-თვალთვალზე ტექნიკური წვდომის გასაღები ახალ დამოუკიდებელ სააგენტოს უნდა ჩაბარდეს, ავტორებს მზად აქვთ. მის ინიცირებას დეპუტატებთან - ვახტანგ ხმალაძესა და შალვა შავგულიძესთან ერთად უახლოეს დღეებში გეგმავენ.
საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც მოქმედი - ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის რეგულაციები არაკონსტიტუციურად ცნო, პარლამენტს ცვლილებებისთვის ვადა 2017 წლის მარტამდე მისცა.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.