მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სიაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ზიკას ვირუსის გავრცელების საფრთხეებს განსაზღვრავს, საქართველო 15-ე ადგილას, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში მოხვდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, შავი ზღვისპირა რეგიონში ვირუსის გადამტანი კოღოს არსებობაა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიუხედავად, პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
ცენტრში ამბობენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის სამუშაოები დაწყებულია. გამკაცრებულია კონტროლი საზღვრებზეც. მათი განმარტებით, ზიკას ვირუსის ერთ-ერთი სიმპტომი გამონაყარია, რისი კვლევაც ქვეყანაში ლაბორატორიულად ხდება.
ექიმები ამბობენ, რომ სხვა ვირუსული დაავადების მსგავსად, ზიკას დროსაც, დაავადებულს მაღალი სიცხე, სხეულზე გამონაყარი და პირის ღრუს პრობლემები აღენიშნება. კვლევების თანახმად, ზიკას ვირუსი პრობლემებს ხშირ შემთხვევაში, ორსულებს უქმნის და ნაყოფში მიკროცეფალიას იწვევს.
ავტორი: თათია ხორბალაძე.