20 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
ხურჩაში მომხდარი მკვლელობა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დამონტაჟებულმა უსაფრთხოების სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ვიდეომასალაში ჩანს როგორ გადმოდიან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის სამხედროები და გიგა ოთხოზორიას ჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ კი ესვრიან. კამერამ ბოლო საკონტროლო გასროლაც დააფიქსირა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მიაყენეს. ამის შემდეგ, სამხედროები შემთხვევის ადგილს ტოვებენ და ე.წ. საზღვრისკენ ბრუნდებიან. ეს ვიდეომასალა ქართველმა სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს. სწორედ ეს კადრები აჩვენეს მკვლელობის თვითმხილველ ადგილობრივებს ეჭვმიტანილების ამოსაცნობად.

დღის სამის ნახევარზე მომხდარ შემთხვევას არაერთი თვითმხილველი ჰყავს, თუმცა უცნობია, არიან თუ არა მათ შორის ქართველი სამართალდამცველები. ადგილობრივები ყვებიან, რომ როგორც წესი, ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას ქართველი ძალოვანები მუდმივად აკონტროლებენ.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრული საქმის დეტალებზე უწყებაში განმარტებებს არ აკეთებენ. გიგა ოთხოზორია ექსპერტიზის შემდეგ დღეს უკვე ზუგდიდში - მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ კონფლიქტი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსა და გარდაცვლილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მესაზღვრეებმა მას პროდუქტის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადატანაზე უარი უთხრეს.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

დღის ამბები